суббота, 3 сентября 2011 г.

     სოხუმი. . . საოცნებო სოხუმი. . . ლაჟვარდი, მოწმენდილი ცა. . . ლურჯად  მოლივლივე ზღვა, ზოგჯერ  წყნარი,  როგორც ანგელოზი, მშვიდი, თოთო ბავშვივით უცოდველი, ზოგჯერ განრისხებული, აღრიალებული, გაცოფებული, პირზე ქაფმოგდებული ზვირთზე ზვირთს სტყორცნის, თითქოს უნდა წალეკოს ეს ლამაზი კუთხე. იქნებ სოხუმის ბრძოლები ახსენდება ზღვას, იქნებ გულში ჩახუტებული თავისი  შვილების კვნესა ესმის, ან იქნებ. . . იმ ბიჭუნას სახე აგონდება, რომლის ქაღალდის გემიც მან ოდესღაც მოიტანა აქ, მოუტანა ბედნიერ ბავშვებს, რომლებიც ოდესღაც, წლების წინ მხიარულად თამაშობდნენ მის ნაპირას და არ იცოდნენ,  რომ  სულ მალე,  სადღაც შორს,  სანატრებლად ექცეოდათ ამ ლამაზი კუთხის ნახვა, მისთვის თუნდაც ერთხელ შეხედვა. . 
      განგებამ უკანასკნელად შტორმის დროს მოახვედრა ბიჭუნა - ახლა უკვე მეზღვაური მისთვის საოცნებო მიწაზე, ეღირსა სოხუმის სანაპიროზე კვლავ ფეხის დადგმა და. . . ტყვიით გულგაპობილი იქვე ჩაიკეცა,  ჩაებღაუჭა საოცნებო სოხუმის მიწას, რომლის ნახვაც ბავშვობის მერე აღარ ღირსებია,  ახლა კი მის მიწაზე ღაფავდა სულს.  ზღვის ტალღები უალერსებდნენ ფეხებზე, მაგრად ეხუტებოდა სოხუმის მიწას, უნდოდა სამუდამოდ ჩაჰკრობოდა მას, დაეკოცნა ის.  როგორც იქნა სურვილი აუხდა, შეძლო სოხუმის მიწაზე ფეხის დადგმა, მაგრამ არა დასასვენებლად, არამედ მის ”სანახავად”.
ალბათ ეს მკვლელობა ახსენდება სოხუმის ზღვას და იქ ჩადენილი ბოროტების გახსენება უფრო აბოროტებს.  ან იქნებ ის საიდუმლო სიტყვები ახსენდება, რომლებიც სიკვდილის წინ წარმოსთქვა უცნობმა მეზღვაურმა, ამ სიტყვების  გამგონე ხომ მხოლოდ ისაა - ზღვა, და არ შეუძლია გაუმხილოს  წლების წინ მის ნაპირას მოთამაშე, მობანავე ათასობით ბავშვს. . . ამ დროს ზღვის გული ბოროტდება, შავდება, ღელავს, ცოფს ჰყრის, სურს ყველაფერი დაანგრიოს, მოსპოს. მხოლოდ უცნობი მეზღვაურის საფლავი დუმს, დუმს და ელის იმ ბედნიერ წუთებს,  როცა არემარე ისევ ბედნიერი ბავშვების ჟრიამულით აივსება. . . ზოგჯერ, მალვით, ვინმე ქართველი მუხლმოდრეკილი  წუთიერი დუმილით  პატივს სცემს მის საფლავს, განშორებისას კი სევდიანად ჩაიღიღინებს ბავშვობის დროინდელ სიმღერას
  დაე, მუდამ იყოს ზეცა,
   დაე მუდამ იყოს მზეცა...”     
ამ დროს ზღვაც წყნარდება და ისიც კეთილად უყურებს ყველას, გამჭვირვალეცრემლებს” ამოტყორცნის თვალთაგან და შეაფრქვევს ნაპირზე მდგარ პალმებს, რომელთაც ეს უბრალო ზღვის წვეთები ჰგონიათ, ის კი არ იციან, რომ ეს ზღვის ცრემლებია”ამიტომ არიან ასე მლაშენი, ცრემლები, რომლითაც ზღვა გლოვობს თავის შვილებს და იმ უცნობ მეზღვაურს. .
ზღვის ტალღებს კი, შორიდან მოაქვთ მშვიდობისმოყვარე ბავშვების სიმღერის (რომელსაც ისინი ოდესღაც ქართველ ბავშვებთან ერთად მღეროდნენ) მძლავრი ხმა:
                «Люди мира будьте зорче в строе,
                берегите мир, берегите мир,
                берегите, берегите, берегите мир!,,
. . . ზღვა ისევ ლურჯად ლივლივებს, ნაპირზე პალმებს და მიმოზებს ნიავი წამოუქროლებს ხოლმე და აიძულებს თავი დაუქნიონ, თითქოს ეთანხმებიანო ბავშვების სიმღერას, ბავშვებისა, რომლებიც მხილველნი არიან ომის ქარცეცხლიანი დღეების და მათი შედეგების, ისინი  უმღერიან  მშვიდობას,  ეს მათთვის ხომ მწარე გაკვეთილი იყო,  გაკვეთილი, რომელიც არსად და აღარასოდეს უნდა განმეორდეს!
                სოხუმის ზღვა კი ლივლივებს ლურჯად.